
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 136-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება დამოუკიდებლად განსაზღვროს შვილების რაოდენობა და დაბადების დრო. სახელმწიფოს პრიორიტეტული ამოცანაა ქალის ჯანმრთელობის დაცვა აბორტების შემცირების გზით (მ139.პ.1). ორსულობის ნებაყოფლობით შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ ლიცენზირებული ექიმის მიერ, თუ ა) ორსულობის ხანგძლივობა არ აღემატება თორმეტ კვირას და ბ) ორსულს სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდა წინასწარი გასაუბრება და გასაუბრებიდან გასულია 3 დღის მოსაფიქრებელი ვადა. აბორტი ნებადართულია თორმეტ კვირაზე მეტი ხანგძლივობის ორსულობის შემთხვევაშიც, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა სახეზეა სამედიცინო ან სოციალური ჩვენებები. სამედიცინო ჩვენებები გულისხმობს, რომ ორსულობის შეწყვეტა აუცილებელია ქალის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის სერიოზული საფრთხის თავიდან ასაცილებლად. სოციალური ჩვენებების მიხედვით კი ნაყოფის მშობლები ისეთ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებიან, რაც შეუძლებელს ხდის ბავშვის სათანადო პირობებში გაზრდას და ჯანმრთელობის უზრუნველყოფას. სოციალური ჩვენებები უდაოდ მეტად აფართოვებს აბორტების რიცხვს. საქართველოში მისი კანონით გათვალისწინება არ შეესაბამება სახელმწიფოს “პრიორიტეტულ ამოცანას – ქალის ჯანმრთელობის დაცვას აბორტების შემცირების გზით”.
ინფორმაცია მოპოვებულია:



აბორტი მართლმადიდებელი სარწმუნოების მიხედვით განიხილება ერთ-ერთ უმძიმეს ცოდვად. დიდი სჯულისკანონში მითითებულია, რომ აბორტის გამკეთებელი დედაკაცნი უნდა განკანონდნენ (ე.ი. დაისაჯონ, დ.ჩ.) „კანონითა კაცისმკლველთაითა“. ეს, სხვათაშორის, დიდი სჯულისკანონის არაერთ ნორმაშია მითითებული. წმიდა წერილიდან ირკვევა, რომ ბავშვს სული ეძლევა ჩასახვისთანავე. ამის მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ ის, რომ ბიბლიაში მოხსენებულ მამამთავრებს, წინასწარმეტყველებს და სხვა წმინდანებს სახელი ჩასახვისთანავე ეძლეოდათ, როგორც ცოცხალ არსებებს. ეკლესია ცალკე აღნიშნავს წმ. იოანე ნათლისმცემლის მუცლადღების დღეს (6 ოქტ. ახ. სტილით). წმ. დავით მეფსალმუნე ბრძანებს: „შემიწყნარე მე დედის მუცლით ჩემითგან“. ყოველივე ეს მიუთითებს იმას, რომ ეკლესია ჩასახულ ბავშვს აღიქვამს ჩვეულებრივ ადამიანად, რომელსაც აქვს სული, ბოძებული ღმრთისაგან და არის ცოცხალი არსება. მცირე კურთხევანში არსებობს საგანგებო ლოცვა იმ შემთხვევაში, როცა ორსულობა ნაადრევად შეწყდება (ცხადია, ბუნებრივად). ამ ლოცვის საკითხავები სინანულის შემცველია. ეს არცაა გასაკვირი, ვინაიდან შვილიერება ღმრთის წყალობად ითვლებოდა და ითვლება როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმის ეკლესიაში. ამიტომაც ღმრთის წყალობის განშორება, ცხადია, სამწუხარო იყო ყოველი მორწმუნისათვის. წმიდა პავლე მოციქული პირდაპირ მიუთითებს ტიმოთეს მიმართ პირველ ეპისტოლეში (2;14), რომ დედაკაცნი ცხონდებიან „შვილთსხმისაგან, უკუეთუ ეგნენ სარწმუნოებით და სიყუარულით და სიწმიდით ღირსებასა ზედა“.
