აბორტი მართლმადიდებელი სარწმუნოების მიხედვით განიხილება ერთ-ერთ უმძიმეს ცოდვად. დიდი სჯულისკანონში მითითებულია, რომ აბორტის გამკეთებელი დედაკაცნი უნდა განკანონდნენ (ე.ი. დაისაჯონ, დ.ჩ.) „კანონითა კაცისმკლველთაითა“. ეს, სხვათაშორის, დიდი სჯულისკანონის არაერთ ნორმაშია მითითებული. წმიდა წერილიდან ირკვევა, რომ ბავშვს სული ეძლევა ჩასახვისთანავე. ამის მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ ის, რომ ბიბლიაში მოხსენებულ მამამთავრებს, წინასწარმეტყველებს და სხვა წმინდანებს სახელი ჩასახვისთანავე ეძლეოდათ, როგორც ცოცხალ არსებებს. ეკლესია ცალკე აღნიშნავს წმ. იოანე ნათლისმცემლის მუცლადღების დღეს (6 ოქტ. ახ. სტილით). წმ. დავით მეფსალმუნე ბრძანებს: „შემიწყნარე მე დედის მუცლით ჩემითგან“. ყოველივე ეს მიუთითებს იმას, რომ ეკლესია ჩასახულ ბავშვს აღიქვამს ჩვეულებრივ ადამიანად, რომელსაც აქვს სული, ბოძებული ღმრთისაგან და არის ცოცხალი არსება. მცირე კურთხევანში არსებობს საგანგებო ლოცვა იმ შემთხვევაში, როცა ორსულობა ნაადრევად შეწყდება (ცხადია, ბუნებრივად). ამ ლოცვის საკითხავები სინანულის შემცველია. ეს არცაა გასაკვირი, ვინაიდან შვილიერება ღმრთის წყალობად ითვლებოდა და ითვლება როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმის ეკლესიაში. ამიტომაც ღმრთის წყალობის განშორება, ცხადია, სამწუხარო იყო ყოველი მორწმუნისათვის. წმიდა პავლე მოციქული პირდაპირ მიუთითებს ტიმოთეს მიმართ პირველ ეპისტოლეში (2;14), რომ დედაკაცნი ცხონდებიან „შვილთსხმისაგან, უკუეთუ ეგნენ სარწმუნოებით და სიყუარულით და სიწმიდით ღირსებასა ზედა“.ინფორმაცია მოძიებულია შემდეგ ინტ. მისამართზე: http://www.patriarchate.ge/?action=text/samartali14

Комментариев нет:
Отправить комментарий